Home / ბიბლიოთეკა / პუბლიკაციები / კოოპერატივი როდინაულში და ნატურალური საზამთრო

კოოპერატივი როდინაულში და ნატურალური საზამთრო

2015 წელს 25 – მა ფერმერმა როდინაულში კოოპერატივი „ზესტაფონური“ დააფუძნა.

ამ პერიოდში კოოპერატივი განვითარდა და მოიცავს რძის გადამამუშავებელ საწარმოს, ჟოლოს ბაღს 8 ჰექტარზე, რომელიც პროექტ „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენდა, 12 ჰა ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღს, საფუტკრე მეურნეობას,  წელს უკვე საზამთროსა დ ნესვის მოსავალიც აიღეს.

„ზესტაფონურის“ მიზანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაა. როგორც კოოპერატივის წარმომადგენელი, ბეჟან მაჭავარიანი გვიყვება, სწორი ნაბიჯები რომ გადაედგათ, ამისთვის დასაწყისშივე შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს და მათი რჩევების მიხედვით დაიწყეს მოქმედება: „კოოპერატივის ჩამოყალიბებისას „ბიოაგროს“ სპეციალისტებს შევხვდი, იმის რწმენა რომ ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი მოგვეყვანა კიდევ უფრო გამიმყარდა, არ გვქონდა გათვლები რომ მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებულები ვყოფილიყავით“.

საზამთროს მეურნეობას სათავეში ბეჟან მაჭავარიანი და ცოტნე მერკვილაძე ჩაუდგნენ. ჯერ კონსულტაცია გაიარეს სპეციალისტებთან, საქმის წარმოება კი ნიადაგისა და ჩითილის შერჩევით დაიწყეს.

ნიადაგი

შეირჩა 5 წლით დასვენებული 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც 3 წლის განმავლობაში იონჯა ითესებოდა და იკეპებოდა, იონჯა ნიადაგს ტენს უნარჩუნებდა და აზოტით ამდიდრებდა.

ჩითილის დარგვამდე ნაკვეთში 25 ტონა გადამწვარი ნაკელი იქნა შეტანილი. მოხვნისა და კულტივციის შემდეგ, სოკოვანი დაავადებების პრევენციისთვის დეზინფექცია ჩატარდა ბაქტერიული პრეპარატებით მავნე ორგანიზმების შეზღუდვის მიზნით.

სადეზინფექციო პრეპარატების მოქმედების ციკლი 15 დღიანია, შესაბამისად,  ჩითილები დეზინფექციის ჩატარებიდან მე-15 დღეს იქნა დარგული.

ჩითილი

კოოპერატივს კომპანია „მზა ჩითილმა“ გოგრაზე დამყნობილი ჩითილები შესთავაზა, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს იმავე ნაკვეთზე შემდეგ წელსაც იგივე კულტურა მოიყვანოს.  ამასთან, იძლევა გარანტიას ჯიშსა და ხარისხზე.

მოვლა

საზამთროს გამოკვებისთვის თხევადი სასუქი „ორგანიკა“ შეირჩა.  თავდაპირველად მოხდა ჩითილების ფესვების ჩალბობა ორგანიკის 2% – იან სამუშაო ნაზავში, ხოლო შემდეგ, ვეგეტაციის პერიოდში ორჯერ ჩატარდა მცენარის ფესვური გამოკვება 2%-იანი სამუშაო ნაზავით, ორჯერ კი ფოთლოვანი გამოკვება 1%-იანი ნაზავით.

ფერმერები მაქსიმალურად შეეცადნენ თავიანთი მონდომებით, ცოდნით და სპეციალისტების დახმარებით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქცია მიეღოთ. მოსავლის აღებისთანავე საზამთროს ნაყოფებში ნიტრატების შემცველობის დონის დასადგენად ანალიზი გაკეთდა. საზამთრომ „ზესტაფონურს“ იმედები არ გაუცრუა – ნიტრატები <5.0 გრ/კგ – ში შემცველობას შეადგენდა. (მაქსიმალური დასაშვები ზღვარი – 60 გრ/კგ).

სად ვიპოვო „ზესტაფონურის“ საზამთრო?!

მიღებული შედეგით კოოპერატივმა თამამად დაიწყო რეალიზაციის გზების ძიება და მარკეტინგული აქტივობების გატარება. თავდაპირველად, ზესტაფონის ბაზრებსა და მაღაზიებში მიიტანეს საზამთრო და გამყიდველებს უფასოდ გაასინჯეს. რეაქცია ერთგვარი და დადებითი იყო, ყველა მათგანმა სიამოვნებით მიიღო პროდუქტი, თამამად დადგა ბანერი მყიდველებისთვის და მომხმარებლები რამდენიმე დღეში ახალ მიწოდებასაც ითხოვდნენ. დედაქალაქს რაც შეეხება, „ზესტაფონურის“ საზამთროსთვის „გუდვილისა“ და „კარფურის“ ფილიალების კარი ღია იყო, შესაბამისად, თბილისში ეკოლოგიურად სუფთა საზამთროს შეძენა ხელმისაწვდომი გახდა.

ფერმერები წლევნდელი საზამთროს მოსავლით კმაყოფილები არიან. „ბიოაგროს“ კითხვაზე, რატომ გადაწყვიტეს ტრადიციული მეურნეობის მაგივრად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღებაზე ეზრუნათ, ბეჟანმა გვიპასუხა: „მთავარი მიზანი არ იყო მოგება. გვინდოდა ისეთი პროდუქტი მიგვეღო, რომელსაც ჩვენს შვილებს თამამად მივუტანდით სახლში.“

ფერმერები წარმატებული სეზონისთვის  სპეციალისტებთან აქტიურ კომუნიკაცისა და მათი მითითებების ზუსტად შესრულებას გვირჩევენ. ამასთან, რაც შეიძლება ჯანსაღი პროდუქტის წარმოებისა და რესურსების მდგრადი გამოყენებისკენ მოგვიწოდებენ.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

როგორ დავამზადოთ კომპოსტი?

უნდა შეირჩეს საშუალოდ დაჩრდილული ადგილი, (სიგანე – 1-1,5 მეტრი; სიგრძე – კომპოსტის რაოდენობის შესაბამისად; სიმაღლე …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *