Breaking News
Home / ბიბლიოთეკა / კიტრის მავნებლები სათბურში

კიტრის მავნებლები სათბურში

ბუგრი (ბაღჩეულის ბუგრი, მწვანე ბუგრი): წუწნით აზიანებენ მცენარის ახალგაზრდა ფოთლებს, ყლორტებს და ყვავილებს. ისინი სახლდებიან ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეს. დაზიანების შედეგად ხდება ფოთლების დეფორმირება (დახვევა – დახუჭუჭება), რის გამოც ნაყოფები ვერ ვითარდება და საბოლოოდ განიცდის ჭკნობას. სათბურის პირობებში ბუგრები იძლევიან 10 – 12 თაობას.

ბრძოლის ღონისძიება:

ბუგრების წინაღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ლეპიდინის 2%-იანი სამუშაო ხსნარი, ვეგეტაციის პერიოდში, 3-4 -ჯერ. მონიტორინგის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება წამლობა 6-ჯერაც ჩატარდეს. შესხურებებს შორის პერიოდი – 10-12 დღე.

აბლაბუდიანი ტკიპა: წუწნით აზიანებს კიტრის ფოთლებს, ყლორტებს და ნაყოფებს. დაზიანების შედეგად ფოთლებზე ვლინდება მოყავისფრო წერტილები, რომლებიც შემდეგში თანდათანობით უფერულდება (ყვითლდება), ჭკნება და ცვივა. აბლაბუდიანი ტკიპა მცირე ზომის მწერია, რომლის სხეულის სიგრძე შეადგენს 0.2 – 0.5 მმ-ს და გააჩნია მოყვითალო – მომწვანო შეფერილობა. იგი კვერცხებს დებს ძირითადად ფოთლის ქვედა მხარეს და აქცევს აბლაბუდას ქსელში. სათბურის პირობებში აბლაბუდიანი ტკიპა იძლევა 12-15 თაობას.

ბრძოლის ღონისძიება:

აბლაბუდიანი ტკიპას ნიმფებისა და იმაგოების წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს წამლობა ტურინგენის 2%-იანი სამუშაო ნაზავით. ფიტოსანიტარული მონიტორინგის საფუძველზე 3-4-ჯერ. ასევე ეფექტურია ნიმის ზეთის გამოყენება ვეგეტაციის პერიოდში 1-2-ჯერ, 0.75%-იანი სამუშაო ნაზვი.

ფესვის გალებიანი ნემატოდა: მწერები წუწნით აზიანებენ (სტილეტის საშუალებით) მცენარის უჯრედის შიგთავსს. ნემატოდები წუწნის დროს კიტრის ბუსუსა ფესვებში უშვებენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რათა გაუადვილდეთ უჯრედის შიგთავსის შეწოვა, რის გამოც დაზიანებულ ადგილებზე ვითარდება გალები. ნემატოდები ხელს უშლიან მცენარეში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს. მასობრივი განვითარებისას მიმდინარეობს მცენარეთა თანდათანობითი დასუსტება და საბოლოოდ ჭკნობა. დახურული გრუნტის პირობებში ფესვის გალებიანი ნემატოდა იძლევა 3-5 თაობას.

ბრძოლის ღონისძიება:

ფესვის გალებიანი ნემატოდას წინააღმდეგ მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში უნდა გამოვიყენოთ ნემატოფაგის 2%-იანი სამუშაო ხსნარი 2-ჯერ, რომელიც თითოეულ მცენარეს ფესვებში 200-400 მლ.ლიტრამდე უნდა დავუსხათ ან წვეთოვანი მორწყვის ჩატარების შემდეგ გავატაროთ სარწყავ სისტემაში, ხარჯვის ნორმა 16-20 ლიტრი ჰა-ზე.

სათბურის ფრთათეთრა არის პოლიფაგი მწერი. აზიანებს 200-ზე მეტი სახეობის მცენარეს, როგორც ღია ისე დახურული გრუნტის პირობებში. მწერის გავრცელების კოლონიებში გვხვდება ყველა ფაზა კვერცხიდან იმაგომდე. ფრთათეთრას ერთი მდედრი ინდივიდი საშუალოდ დებს 150-დან 200 ცალამდე კვერცხს. მათი ნიმფები და იმაგოები წუწნით აზიანებენ მცენარის ფოთლებს, რის შედეგადაც ისინი იწყებენ გაყვითლებას და ბოლოს ჭკნებიან. სათბურის ფრთათეთრას გამონაყოფი აჭუჭყიანებს ფოთლის ზედაპირს და ხელს უშლის ფოტოსინთეზს. ფრთათეთრა სათბურის პირობებში იძლევა 10-12 თაობას.

ბრძოლის ღონისძიება:

სათბურის ფრთათეთრაზე, მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდში, ეფექტურია ნიმის ზეთის 0.75%-იანი სამუშაო ნაზავის გამოყენება ორჯერ, 10-15 დღის ინტერვალით.

About მარიამ ტაკაშვილი

Check Also

ზურა ბოშაშვილის გზა ქიმიურიდან ორგანულ მეურნეობამდე

თელავში, სოფელ რუისპირში ფერმერი ზურა ბოშაშვილის ქიმიური მეურნეობიდან ბიოლოგიურ მეურნეობაზე გადასვლის ამბავს მოგიყვებით. ზურა ვენახს, …