თხილი

მოყვანის ტექნოლოგია

 თხილის მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემა  ბიომეურნეობებისათვის

ბრძოლის ღონისძიებების  სწორად დაგეგვმის მიზნით აუცილებელია ადრე გაზაფხულზე და ვეგეტაციის პერიოდში ( მცენარის  განვითარების ფენოფაზების გათვალისწინებით) თხილის წარმოების ყველა ზონაში   ჩატარდეს ფიტოსანიტარული მონიტორინგი, მავნე ორგანიზმების გამოსავლინებლად.

გვიან შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე უნდა  მოხდეს თხილის ბუჩქის სხვლა-ფორმირება,  შემდეგ  ჩამოყრილი ფოთლების,  გამხმარი ტოტებისა და ნაყოფებისაგან ფართობის გასუფთავება, რადგანაც ისინი წარმოადგენენ ინფექციის მარაგს.

პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს კვირტების დაბერვის ფაზაში, თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში სპილენძის შემცველი ფუნგიციდების გამოყენებით. ბორდოს ნარევი (6-8 კგ/ჰა)  ან კუპროქსატი (7-8 ლ/ჰა)  ან კოსაიდი (3-4 კგ/ჰა) ან ჩემპიონი (7-8კგ/ჰა) და სხვა, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ.

მეორე წამლობა ტარდება   მარტის ბოლოს, სპილენძის შემცველი ფუნგიციდებისა და ტურინგენის კომბინირებული ნაზავის გამოყენებით. ბორდოს ნარევი (6-8 კგ/ჰა)  ან კუპროქსატი (7-8 ლ/ჰა)  ან კოსაიდი (3-4 კგ/ჰა) ან ჩემპიონი (7-8კგ/ჰა) და ლეპიდინი (6-8 ლ/ჰა), კვირტის ტკიპისა და სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, ხოლო მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ სამუშაო ნაზავს უნდა დაემატოს თხევადი ორგანული სასუქი ორგანიკა ( 4-5 ლ/ჰა).

მესამე წამლობა ტარდება  აპრილ-მაისში, თიოვიტ-ჯეტას,  ლეპიდინის  კომბინირებული ნაზავის გამოყენებით. თიოვიტ-ჯეტა (3-4 კგ/ჰა), ლეპიდინი (12-14 ლ/ჰა), ნაცრის, აზიური ფაროსანას პიველი თაობის პირველი და მეორე ხნოვანების ნიმფების, შავი ხარაბუზას და ბუგრების წინააღმდეგ.

მეოთხე წამლობა ტარდება  ივნის-ივლისში, ლეპიდინის და ტურინგენის კომბინირებული ნაზავის გამოყენერბით. ლეპიდინი (12-14ლ/ჰა),   აზიური ფაროსანას  მეორე თაობის პირველი და მეორე ხნოვანების ნიმფების, შავი ხარაბუზას , ამბროზიის ხოჭოს და ტკიპების  წინააღმდეგ, ხოლო მცენარეთა ფოთლოვანი გამოკვების მიზნით აღნიშნულ სამუშაო ნაზავს უნდა დაემატოს ორგანული სასუქი ორგანიკა (5 ლ/ჰა).

მეხუთე წამლობა უნდა ჩატარდეს საჭიროების მიხედვით ( წვიმები და ჭარბი ტენიანობა) იგივე პრეპარატებით რაც მეორე და მესამე წამლობის შემთხვევაში.

მცენარეზე პრეპარატების კარგად გადანაწილებისა და შენარჩუნებისათვის სასურველია ყოველ 100 ლიტრ გამოყენებულ წყალს დაემატოს 50-80 მლ. მიმწებებელი მულტიმასტერი

 

მნიშვნელოვანია
პრეპარატი ტურინგენი გაერთიანდა ლეპიდინთან და გამოიდის ლეპიდინის სახელით.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *